აღმოსავლეთის პარტნიორობა

   

2008 წლიდან ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე დადგა ევროპა: გაჩნდა ახალი, გაეროში შემავალ ქვეყანათა ნაწილის მიერ აღიარებული, სახელმწიფო კოსოვო, ხოლო სამხრეთ კავკასიაში რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია და ოკუპაცია მოახდინა ორი ქართული რეგიონის, რითაც დასავლეთისათვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი წავიდოდა კონფრონტაციაზე იმ შემთხვევაში თუ მისი ინტერესები შეილახებოდა და მუქარის გასამწვავებლად ცენტრალური ევროპა რამდენიმე დღით გაზის გარეშეც კი დატოვა. მიუხედავად ამისა, 2008 წელი აღმოსავლეთ ევროპისათვისაც ახალი იმედის დაბადებისათვის მნიშვნელოვანი გამოდგა: პოლონეთისა და შვედეთის მიერ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და უკრაინა დაეხმარება განავითაროს საკუთარი ეკონომიკა და გაატაროს ისეთი რეფორმები, რომლებითაც დაუახლოვდებიან ევროპას.

აღმოსავლეთ პარტნიორობა გულისხმობს შემდგომ ასპექტებში თანამშრომლობას:
პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა;
სამოქალაქო საზოგადოების გავითარება;
საბაზრო ეკონომიკის დანერგვა და თავისუფალი ვაჭრობის უზრუნველყოფა;
უსაფრთხოება, საზღვრების კონტროლი;
სავიზო რეჟიმის გამარტივება და სამომავლოდ შესაძლო გაუქმება;
ენერგო უსაფრთხოება და რესურსების ათვისება;
დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და სამართლიანი არჩევნები;

ყოველივე ამ სფეროების გავითარებისათვის ევროკავშირის მიერ 2006-2011 წლისათვის 600 მილიონი დოლარი გამოიყო. მიუხედავად აღნიშნული თანხისა და პროექტებისა, რომლებთაც ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის არაწევრ ქვეყნებს სთავაზობს, მაინც, აღნიშნული პარტნიორობა არ არის პოლიტიკური დოკუმენტი და იგი უმეტესად ეკონიმიკურ და სოციალურ საკითხებს მოიცავს, ამიტომაც კურირებს მას ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი. თუმცა აღსანიშნავია, რომ იმდენად, რამდენადაც განხორციელდება ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული და რეკომენდებული რეფორმები – მასთან ერთად გაიზრდება დაფინანსება და მხარდაჭერა, რაც კიდეც მოიცავს სამეზობლო პოლიტიკის თანამშრომლობის პრინციპს.

ყოველივე ზემოთ თქმულისა აღმოსავლეთის პარტნიორობა უფრო მეტად პოლიტიკური თანამშრომლობაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში ეს უნდა განვსაზღვროთ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მისი ინიციატორი იყო პოლონეთი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო ევროკავშირში რეფორმებისა და ინიციატორობის როლსაც არაერთხელ ითვისებს ხოლმე. რუსეთისათვის ეს გარემოება თავისთავად გასაღიზიანებელია, რადგან აღმოსავლეთის პარტნიორობა ისეთ საკითხებში გულისხმობს დახმარებას, რაც რუსეთისაგან თავისუფლების მიღწევაში დაეხმარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის მთლიანად სამხრეთ კავკასიას. საუბარი კი პირველ რიგში ენერგო რესურსების გამოყენებასა და მოდერნიზაციაზე და თავისუფალ ვაჭრობაზეა, რის შემდეგაც ამ ქვეყნებს შეეძლებათ უპრობლემოდ მოახერხონ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ევროპაში და ამასთანავე იაფად განახორციელონ ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტი, რითაც რუსეთი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ამას ემატება სავიზო რეჟიმების გამარტივება და ხელის შეწყობა პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევადობის თვალსაზრისით, რაც ხშირ შემთხვევაში რუსული სტრატეგიის ნაწილი გახლდათ – იგულისხმება შიდა არეულობები, სამოქალაქო განათლების დაბალი დონის გამოყენება და ასე შემდეგ. და ისევ, აღნიშნული პარტნიორობით სარგებლობს ორივე მხარე, ევროკავშირი, რომელიც თავის ირგვლივ სტაბილურ და ძლიერ სოციო-ეკონომიკურ გარემოს იქმნის, უშუალოდ პოლონეთი, რომელიც ერთგვარად ლიდერის როლს ითვისებს და აღმოსავლეთ ევროპაც, რომელსაც აგრერიგ სჭირდება დახმარება.

აღმოსავლეთ პარტნიორობა დღემდე გრძელდება და სამომავლოდ მისი უფრო გაღრმავება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მივაღწევთ წარმატებას იმ რეკომენდაციათა შესრულებაში, რომლებსაც ევროკავშირი გვაძლევს.

გიორგი კობერიძე

   

დაწერე რას ფიქრობ