ომი სირიაში და ირანი
სირია იმართება ალავითების რელიგიური სექტის მიერ. ალავითები შიიზმის ერთერთ განშტოებას წარმოადგენენ. თუმცა, სირიის მოსახლეობის 2/3 არიან სუნიტები, რომლებსაც ძალიან არ მოსწონთ უმცირესობის ავტორიტარული რეჟიმის ქვეშ ცხოვრება.
შეიქმნა “თავისუფალი სირიის არმია”, რომლის ბირთვს წარმოადგენენ სუნიტი დეზერტირები სირიის შეიარაღებული ძალებიდან. ეს დაჯგუფება აწარმოებს პარტიზანულ ომს სირიული რეჟიმის წინააღმდეგ. ამავე დროს, არ წყდება არეულობა სირიის ქალაქებში. ბოლო დროს, სუნიტმა მეამბოხეებმა დაიწყეს ქალაქებზე ან ცალკეულ უბნებზე კონტროლის დამყარებაც.
დასავლეთი, არაბული ქვეყნები და თურქეთი მხარს უჭერენ მეამბოხეებს. ამ უკანასკნელთა მთავარი შტაბი და მეთაურები თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. დასავლეთი და არაბული ქვეყნები ებრძვიან ირანულ გავლენას და ამიტომ სურთ ალავითური რეჟიმის განადგურება. თუ ხელისუფლებაში სუნიტები მოვლენ, სირია აღარ იქნება ირანის მოკავშირე, რაც ირანისთვის საშინელი გეოსტრატეგიული მარცხი გახდება. ამის შედეგად, ძალიან დიდი საფრთხეში ჩავარდება ჰეზბოლაც, რომელსაც ირანი სირიის მეშვეობით ამარაგებს. ანუ, სირიის გარდა ირანის გავლენის სფეროს შეიძლება ლიბანიც ჩამოშორდეს – ასევე თურქეთის, არაბების და დასავლეთის მეცადინეობით.
თურქეთს რაც შეეხება, მას აქვს დამატებითი სტიმული: სუნიტურ სირიაში სწორედ თურქეთი იქნება ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო. არსებითად, თურქეთი იბრძვის იმისთვის, რომ სირიამ (და სავარაუდოდ ლიბანმა) გადაინაცვლოს ირანული გავლენის სფეროდან თურქულში.
ალავითური რეჟიმის დაცემა დროის ამბავს ჰგავს. როცა ეს მოხდება, ირანს მოუწევს თავისი სტრატეგიული პოზიციის გადაფასება. გაუგებარია, რას გამოიწვევს ეს: ირანის პოლიტიკის შერბილებას და ირანში ომის საფრთხის შემცირებას, თუ პირიქით, პროცესების დამატებით გამწვავებას.













