პროექტი „ქალაქი Wikipedia“
პროექტის ფარგლებში, რომელიც კვირას, 20 მაისს იღებს სტარტს, მონმუტის მცხოვრებლებს და სტუმრებს თითქმის ნებისმიერი სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით შეეძლებათ ქალაქის ღირსშესანიშნაობების, მისი ხალხის, ფლორის და ფაუნის შესახებ ინფორმაციის მიღება. ამისათვის უბრალოდ საჭიროა აპარატი აღჭურვილი იყოს კამერით და QR კოდის ამომცნობი აპლიკაციით. საკმარისია მომხმარებელმა მიმართოს კამერის ობიექტივი კონკრეტულ შენობაზე განთავსებულ QR გრაფიკულ კოდზე, რომ პროგრამა ამოიცნობს კოდში დაშიფრულ სტატიის ლინკს და გახსნის ვიკიპედიის შესაბამის გვერდს. მონმუტის შესახებ ინფორმაცია, სადაც 9 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხელმისაწვდომი იქნება 26 ენაზე. სტატიებზე წვდომის გასაადვილებლად მმართველობამ უზრუნველყო ქალაქის მთელი ტერიტორიის უფასო Wi-Fi სიგნალით დაფარვა.
Wikimedia UK -ს დირექტორის და QRpedia-ს (უბრალო ლინკების QR კოდში ტრანსფორმაციის სერვისი) თანადამფუძნებლის როჯერ ბამკინის (Roger Bamkin) განცხადებით პროექტისთვის პირველ ქალაქად მონმუტი შეირჩა მდიდარი კულტურის, ისტორიული და ბუნებრივი მემკვიდრეობის გამო.
„მონმუტზე მაგალითზე ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ცოტა შემოქმედება, ენერგია და თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს მოვუყვეთ პატარა ქალაქზე 480 მილიონიან აუდიტორიას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ასეთი ქალაქები ბევრი იქნება“ – განაცხადა ბამკინმა.
სტატიის და სურათების გაცნობასთან ერთად მომხმარებელს შეუძლია შეასწოროს შეცდომები და შეავსოს სტატია, დაამატოს ახალი სურათები. ამისთვის ქალაქის ბიბლიოთეკაში ჩატარდება გაკვეთილები, სადაც ადგილობრივებს ასწავლიან როგორ დაამატონ და დაარედაქტირონ სტატიები ონლაინ ენციკლოპედიაში. ამ დროისთვის მონმუტის შესახებ Wikipedia-ში დაახლოებით 450 სტატია და ათასზე მეტი სურათია განთავსებული.
ორგანიზატორები ჯერ არ აკონკრეტებენ რომელი ქალაქი იქნება შემდეგი.
Wikipedia-მ სტარტი 2001 წლის დასაწყისში აიღო, დღეს ეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული საიტია. სტატისტკის მიხედვით Wikipedia-ს მხოლოდ ინგლისურენოვან კონტენტს ყოველდღიურად საშუალოდ 25 მილიონი მომხმარებელი სტუმრობს.













