ცენტრალური ჭაობი მცხეთაში

   

ავტორი jood

ტურისტებისათვის ერთობ მიმზიდველი, საქართველოს ყოფილი სატახტო ქალაქის  (რომელზეც უკვე მოგახსენეთ) ცენტრში, სადაც მშობლები ბავშვებს ასეირნებენ, მთავარი გზატკეცილი  იყოფა დედათა მონასტრისა და შიომღვიმისაკენ. ღირსშესანიშნაობებისაკენ მიმავალმა დამთვალიერებელმა აუცილებლად უნდა გაიაროს მოზრდილი ჭაობის გვედრით და რაც უნდა გართული იყოს საუბარში, მუსიკის მოსმენასა თუ უბრალოდ ფიქრებში, აუცილებლად გამოაფხიზლებს მისგან ამოსული აშკარად მწვანე, აყროლებული სუნი.

საინტერესოა, რომ მის მიმდებარე ტერიტორიას, გარე ფასადებსა თუ ქუჩებს უდავოდ ესთეტიურად ალამაზებენ, თუმცა ჭაობამდე ჯერ ვერ მიაღწიეს ისევ და ისევ სუნიანი დაბრკოლების გამო (ალბათ).

დაკვირვებისას კიდევ ერთ ფაქტს გადავაწყდი – ამ ბაყაყებისა და კოღოების სასახლის გვერდით, მიწისქვეშ კიბეები ჩადის, თუ ვინმე გარისკავს და მოინდომებს წესების დაცვით გადავიდეს ქუჩის მეორე მხარეს, აღმოჩნდება მცხეთის #1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. დიახ! დაჭაობებული გვირაბი სწორედაც რომ სკოლის ეზოში გადის ( მართალია, მიწისქვეშა გადასასვლელში კანალიზაციის გარდა კიდევ სხვა სუნიც ტრიალებს, მაგრამ თქვენდა სასიკეთოდ არ დავკონკრეტდები, იქნებ ვინმე გემრიელ ულუფას მიირთმევდეს პოსტის კითხვისას ).  რამდენიმე კვირის წინ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისათვის რეპორტაჟს  ვამზადებდი,  დრო ვიხელთე და სკოლის დირექტორს ვკითხე,  თუ რატომ იყო სკოლის ტერიტორია ასეთი მოუწესრიგებელი,  პასუხად კი მივიღე,  რომ ეს მას არ ეხებოდა.  რა საინტერესო ფაქტია არა?  მეორეკლასელ ბავშვი,  რომელიც სკოლის მოპირდაპირე მხარეს უნდა გადავიდეს,  იძულებულია გაიაროს ჯერ კანალიზაცია სკოლის ტერიტორიაზე,  შემდგომ ჩვენთვის ცნობილი “სუნიანი” მიწისქვეშა გადასასვლელი და საბოლოოდ, იმის იმედით,  რომ სუფთა ჰაერს მალე ჩაისუნთქავს, ჭაობის მწვანე ჰავა ეტაკება პირდაპირ სახეში!

სამწუხაროა, რომ “ასეთ განვითარებულ ქალაქში”,  ცენტრში,  სადაც მოძრაობა არასდროს წყდება,  მხოლოდ გარედან აგია ცისფერი ასფალტი და აგურისფერი კედლები,  სუნი კი ისევ ისეთი,  დაჭაობებული დარჩა.

   

დაწერე რას ფიქრობ